საზოგადოება
05.05.2022 16:00
იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურად მოთხოვნა არ გვაქვს, კარგი იქნება, თუ მოსახლეობა დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარებას გააგრძელებს -ივანე ჩხაიძე

იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურად მოთხოვნა არ გვაქვს, ძალიან კარგი იქნება, თუ მოსახლეობა დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარებას გააგრძელებს, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

პროფესორ ჩხაიძის თქმით, კორონავირუსის პანდემიის დასრულებაზე საუბარი ჯერ ძალზე ნაადრევია. „თუ დღევანდელ რეალობას გავითვალისწინებთ, ქვეყანაში მხოლოდ ერთადერთი შეზღუდვა დარჩა - ნიღბის ტარების ვალდებულება დახურულ სივრცეში, ამის უკან პირველ რიგში სამედიცინო დაწესებულებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი დგას, ასევე აფთიაქები. ვფიქრობთ, რომ ჯერჯერობით, კორონავირუსის პანდემიის დასრულებაზე საუბარი ძალზე ნაადრევია. პირბადის ტარების რეგულაცია რაც შეიძლება დიდხანს უნდა იყოს შენარჩუნებული. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოსახლეობამ გაითვალისწინოს, რომ მაღალი რისკის ადგილებიდან სწორედ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დარჩა, სადაც აუცილებლად ნიღბით უნდა ვიყოთ.

იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურად მოთხოვნა არ გვაქვს, ძალიან კარგი იქნება, თუ მოსახლეობა დახურულ სივრცეებში (საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სამედიცინო დაწესებულებების გარდა, სხვა დახურულ სივრცეებშიც) ნიღბის ტარებას გააგრძელებს. ჯერ ცოტა ნაადრევია პანდემიის დასრულებაზე საუბარი", - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

კვირის ამბები