ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საქართველოში მოქმედ საჯარო და კერძო სკოლებში სამი უცხო ენა ისწავლება. სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში პირველი უცხოური ენა ისწავლება I-XII კლასებში და ეს არის ინგლისური ენა. რაც შეეხება მეორე უცხოურ ენას (ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა, გარდა ინგლისურისა) ისწავლება V-XII კლასებში. მესამე უცხოური ენა კი, როგორც არჩევითი საგანი (სურვილისამებრ) ისწავლება X-XII კლასებში.
კერძო სკოლებში სიტუაცია ცოტა განსხვავებულია - სასწავლო დაწესებულებები სურვილისამებრ გეგმავენ სწავლების პროცესს, მათ შორის უცხოური ენების სწავლების ორგანიზებას და ამ საკითხის შეთანხმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არ სჭირდებათ.
რაც შეეხება საჯარო სკოლებს, ამ საკითხზე, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები. როგორც გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა „გორის მაცნესთან“ საუბრისას განაცხადა, განათლების სამინისტო აქტიურ საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს მეორე უცხო ენის არჩევის საკითხთან დაკავშირებით. ტერმაკოზაშვილის თქმით, სკოლებს მკაცრი რეკომენდაცია აქვთ, მშობლებს მინიმუმ ორი უცხო ენა შესთავაზონ.
„მოგეხსენებათ, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საქართველოში სავალდებულოა ორი უცხო ენის შესწავლა, აქედან ერთი - ინგლისური ენა პირველი კლასის მეორე სემესტრიდან ისწავლება, მეორე უცხო ენას კი, მშობლები მეხუთე კლასიდან ირჩევენ. განათლების სამინისტროს მკაცრი რეკომენდაცია აქვს გაცემული სკოლებისთვის, რომ მშობლებს მინიმუმ ორ უცხო ენას შორის არჩევანი შესთავაზონ, ასევე, სამინისტრო აქტიურადაა ჩართული ევროპული ენების პოპულარიზაციაში და სწორედ აქედან გამომდინარე, გასულ წლებთან შედარებით, წელს უფრო ადრე დაიგეგმა სკოლებში მშობელთა კრებები ენის არჩევასთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ, არსებული რეალობა ასეთია - მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული 67 საჯარო სკოლიდან, მხოლოდ ოთხ მათგანშია არჩეული გერმანული ენა (ოთხივე მათგანი გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოქმედი სკოლაა), ყველა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში კი, მეორე უცხო ენად რუსული ისწავლება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოქმების მომზადება და ვნახოთ, მომავალი სასწავლო წლიდან რა რეალობა გვექნება“, - აღნიშნა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, სკოლებში მეორე უცხო ენის შერჩევის პროცესი მაისის ბოლომდე უნდა დასრულდეს.