საზოგადოება
05.05.2022 12:00
რატომ გაძვირდა ID ბარათი და პასპორტი - მინისტრის განმარტება
იუსტიციის მინისტრმა საზოგადოებას განუმარტა, რატომ გაძვირდა ID ბარათის და პასპორტის საფასური. რატი ბრეგაძის თქმით, ეს ტარიფები 11 წლის წინ იყო დაწესებული და აქედან გამომდინარე, მათი გადახედვა გახდა საჭირო. მინისტრის განმარტებით, თანხის ნაწილი თანამშრომლებისთვის ხელფასების გათანაბრებას მოხმარდება.
„იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურების ტარიფებში არის ცვლილებები. ცვლილება განიცადა როგორც პირადობის მოწმობის, ასევე პასპორტის საფასურმა. პირადობის მოწმობებისა და პასპორტების აღების საფასური 2011 წელს დაწესდა და ბუნებრივია, საჭირო იყო მათი გადახედვა. შესაძლოა, ეს არ იყოს სასიამოვნო მოსასმენი, თუმცა, აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს უწყებები მეტწილად დამოკიდებულები არიან მათ მიერ მიღებულ შემოსავლებზე და ამ თანხის დიდი ნაწილი მიემართება ხელფასების გათანაბრებაზე თბილისში მომუშავე და რეგიონებში მომუშავე თანამშრომლებს შორის, ეს ის ხალხია, რომელიც ჩვენს მოსახლეობას სრული კეთილგანწყობით ემსახურება ყოველდღიურ რეჟიმში, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 1-ლი მაისიდან პირადობის ელექტრონული მოწმობა 30 ლარის ნაცვლად 60 ლარი ღირს, ბიომეტრიული პასპორტი კი 100 ლარის ნაცვლად 150 ლარი გახდა.

 

კვირის ამბები