საზოგადოება
05.05.2022 12:01
სკოლის მოსწავლეებისთვის ორდღიანი ექსკურსიების მოწყობა აკრძალულია, დაუშვებელია ექსკურსია ისეთ ადგილებზე, სადაც მდინარე ან წყალსაცავია
კოვიდ-პანდემიის ფონზე არსებული არაერთი შეზღუდვის გამო, ბოლო წლების განმავლობაში აკრძალული იყო ექსკურსიების მოწყობა, თუმცა, წელს სკოლებს უკვე შეუძლიათ ამ ტიპის ღონისძიებები დაგეგმონ. სკოლებმა სამინისტროსგან რეკომენდაციები უკვე მიიღეს და დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი, რა პირობებითაა ექსკურსიის მოწყობა დასაშვები.
აღნიშნული წესის შესაბამისად, აიკრძალა ორ და მეტდღიანი ექსკურსიები, შესაბამისად, ექსკურსია უნდა განხორციელდეს მხოლოდ ერთ დღეში. გარდა ამისა, საექსკურსიო ადგილის შერჩევისას ყურადღება უნდა გამახვილდეს მანძილზე - მანძილი სკოლიდან ლოკაციამდე არ აღემატებოდეს 150 კმ-ს. თანაც, დაუშვებელია არასრულწლოვნების ისეთ ტერიტორიაზე წაყვანა, სადაც მდინარე, წყალსაცავები და მეწყერსაშიში ზონაა.
ექსკურსიის ორგანიზატორი/ხელმძღვანელი პასუხისმგებელია მგზავრობის პროცესში და ექსკურსიის ლოკაციაზე მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე. ამასთან, სკოლის დირექტორს ექსკურსიამდე 10 დღით ადრე უნდა ჰქონდეს წარდგენილი ტრანსპორტის გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მძღოლის პირადობისა და შესაბამისი კატეგორიის ავტომანქანის მართვის მოწმობის ასლები. დირექტორთან წარდგენილი განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ექსკურსიის მიზნების, დაგეგმილი აქტივობების, მონაწილე პირების, პასუხისმგებელი პირების, ექსკურსიის თარიღისა და ლოკაციის შესახებ. ამის შემდეგ სკოლის დირექტორი წარდგენილ დოკუმენტაციას განიხილავს და გადაწყვეტს, მისცეს თუ არა ორგანიზატორს ექსკურსიის განხორციელების უფლება.
აღსანიშნავია, რომ ექსკურსიის ხელმძღვანელს სრულყოფილად უნდა ჰქონდეს მონაწილე მოსწავლეებისა და მშობლების მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია მონაწილე მოსწავლის სპეციალური საჭიროების შესახებ. ასევე, ფლობდეს მშობლის წერილობით თანხმობას, ექსკურსიაში მისი შვილის მონაწილეობის შესახებ, თუ ბავშვს წარმომადგენელი თან არ ახლავს.
სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული უნდა იყოს პირველადი დახმარების სამედიცინო ჩანთა. ხოლო, კვების პროდუქტები სანიტარული პირობების დაცვით უნდა წაიღონ.
კვირის ამბები