23.12.2019 17:07
გორში ავარიის შედეგად დაშავებული გოგონა დედაქალაქში გადაიყვანეს
კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, შინდისის გმირების გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 10 წლის მოზარდი კლინიკა „გორმედიდან“, კატასტროფული მედიცინის ცენტრმა თბილისში, ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანა.
„სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი ავარიას თავად შეესწრო და დაშავებული ჩვენს კლინიკაში გადმოიყვანეს. შემოყვანისას პაციენტი იყო უგონო მდგომარეობაში, აღენიშნებოდა ლიქვორის (თავ-ზურგტვინის სითხე) და სისხლის დანაკარგი მარჯვენა ყურიდან. დაუყოვნებლივ მოხდა პაციენტის მართვით სუნთქვაზე გადაყვანა, პარალელურად, ჩატარდა პირველადი კვლევები, დადგენილია შუბლ-თხემ-საფეთქლის ძვლის მოტეხილობა მნიშვნელოვანი ცდომის გარეშე. პაციენტი დედაქალაქში იქნა გადაყვანილი სპეციალიზებული მკურნალობის ჩასატარებლად. ამ მომენტისთვის, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი მდგომარეობა მომავალში არ დამძიმდება ტრავმის ხასიათიდან გამომდინარე, მოგეხსენებათ, მოზარდს ქალა-ტვინის მძიმე ტრამვა აქვს მიღებული“, - განაცხადა „გორმედის“ რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ტატო ქაჯაიამ.
ავარია შუადღით მოხდა, გოგონას, რომელიც მე-10 საჯარო სკოლიდან შინ ბრუნდებოდა, გზაზე გადასვლისას მიკროავტობუსი დაეჯახა. მძღოლი იდენტიფიცირებულია, მიმდინარეობს გამოძიება.