სამართალი
04.05.2022 13:53
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პარკების მწარმოებელ ობიექტებზე სამართალდარღვევები შიდა ქართლშიც გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და რეგიონებში პარკების მწარმოებელ 51 ობიექტზე მასშტაბური ინსპექტირება განახორციელეს. ინსპექტირება ჩატარდა იმერეთის, გურიის, აჭარის, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში არსებულ საწარმოებში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სამართალდარღვევები გამოვლინდა 37 ობიექტზე. შესაბამისად, ჯამში, დაილუქა 3 529 675 ცალი და 23 378 კგ პარკი, 60 ცალი და 8036 კგ რულონი და პარკებით სავსე 1501 ცალი ტომარა.

„მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 472-ე დადგენილება „პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პარკების მწარმოებელი კომპანიების ინსპექტირებას პერმანენტულად ახორციელებს. მასშტაბური ინსპექტირების მიზანია პრევენცია, რათა საცალო ქსელში არ მოხვდეს პლასტიკის პარკები და, შესაბამისად, მაქსიმალურად შემცირდეს გარემოს დაბინძურება“, - ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ივლისიდან, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია (გარდა ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი გამონაკლისებისა). ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი საკანონმდებლო მოთხოვნებთან შეუსაბამო პარკები ილუქება და ექვემდებარება კონფისკაციას.

კვირის ამბები