საზოგადოება
04.05.2022 11:42
რა წესების დაცვაა საჭირო სასკოლო ექსკურსიების მოსაწყობად

კოვიდ-პანდემიის ფონზე არსებული არაერთი შეზღუდვის გამო, ბოლო წლების განმავლობაში აკრძალული იყო ექსკურსიების მოწყობა, თუმცა, წელს სკოლებს უკვე შეუძლიათ ამ ტიპის ღონისძიებები დაგეგმონ.

GMnews-ის ინფორმაციით, სკოლის დირექტორებმა ექსკურსიების მოწყობის განახლებული წესების შესახებ უკვე მიიღეს ინფორმაცია, სადაც გაწერილია, რა პირობებითაა ექსკურსიის მოწყობა დასაშვები.

აღნიშნული წესის შესაბამისად, ექსკურსიის ორგანიზატორი/ხელმძღვანელი პასუხისმგებელია მგზავრობის პროცესში და ექსკურსიის ლოკაციაზე მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე. ამასთან, სკოლის დირექტორს ექსკურსიამდე 10 დღით ადრე უნდა ჰქონდეს წარდგენილი ტრანსპორტის გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მძღოლის პირადობისა და შესაბამისი კატეგორიის ავტომანქანის მართვის მოწმობის ასლები. დირექტორთან წარდგენილი განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ექსკურსიის მიზნების, დაგეგმილი აქტივობების, მონაწილე პირების, პასუხისმგებელი პირების, ექსკურსიის თარიღისა და ლოკაციის შესახებ. ამის შემდეგ სკოლის დირექტორი წარდგენილ დოკუმენტაციას განიხილავს და გადაწყვეტს, მისცეს თუ არა ორგანიზატორს ექსკურსიის განხორციელების უფლება.

ახალი წესების მიხედვით, ექსკურსია უნდა განხორციელდეს მხოლოდ ერთ დღეში, ღამისთევის გარეშე. ხოლო, ლოკაციის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ მანძილი სკოლიდან ლოკაციამდე არ აღემატებოდეს 150 კმ-ს.

მნიშვნელვანია, რომ ექსკურსიის დროს არასრულწლოვნები არ მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ და და სხვა დაუცველ ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ ექსკურსიის ხელმძღვანელს სრულყოფილად უნდა ჰქონდეს მონაწილე მოსწავლეებისა და მშობლების მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია მონაწილე მოსწავლის სპეციალური საჭიროების შესახებ. ასევე, ფლობდეს მშობლის წერილობით თანხმობას, ექსკურსიაში მისი შვილის მონაწილეობის შესახებ, თუ ბავშვს წარმომადგენელი თან არ ახლავს.

სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული უნდა იყოს პირველადი დახმარების სამედიცინო ჩანთა. ხოლო, კვების პროდუქტები სანიტარული პირობების დაცვით უნდა წაიღონ.

კვირის ამბები