სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში, გორში სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, სტალინის გამზირზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსების ფასადებს რეაბილიტაცია უტარდება. საიზოლაციო, ლესვითი და სხვა სამუშაოები თითქმის დასრულებულია. ასევე დასრულების ეტაპზეა ბორდიურებისა და ტროტუარების რეაბილიტაციის პროცესი.
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია როგორც მუზეუმების, ისე საცხოვრებელი სახლების, სახელმწიფო დაწესებულებების, პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ახალი ფუნქციების შექმნის მიმართულებით, რომელიც სკვერებში და პარკებში განახლებული და ზოგ შემთხვევაში, ახალი სივრცეების მოწყობასაც ითვალისწინებს ბავშვებისა და დამსვენებლებისთვის.
შეგახსენებთ, 4 წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.