სოფლად მცხოვრები და შესაძლებლობებსმოკლებული ახალგაზრდების ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარება სოციალური მეწარმეობისა და მწვანე ინოვაციების სფეროში, სხვადასხვა მოწყვლადი კატეგორიის მოქალაქეების (სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული , შშმ პირები, ძალადობის მსხვერპლი და ა.შ.) ეკონომიკური გაძლიერება და ა.შ - ეს გახლავთ ძირითადი მიზანი იმ პროექტებისა, რომლებსაც ევროკავშირის მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, CENN-ი ახორციელებს.
აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელის, მარიამ ხერგიანის თქმით, „EU4Youth – საზღვრისპირა რეგიონებში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება მწვანე ზრდისთვის (SEED)“ - ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის მიზანიც სწორედ საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებში გამორჩეული სოციალური და მწვანე ბიზნესიდეების გამოვლენა და დაფინანსება იყო. კონკურსის მთავარ ამოცანას კი, ახალგაზრდების, ეკომიგრანტებისა და ეთნიკური უმცირესობების გაძლიერება წარმოადგენდა.
საქართველოში ასეთი 13 პროექტი განხორციელდა, მათ შორის 6 - გორის მუნიციპალიტეტში.
უკვე შემდგარ მეწარმეებსა და წარმატებული საწარმოების ნაწილს „გორის მაცნე“ მედიატურის ფარგლებში გაეცნო.
უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული პროექტი, არა მხოლოდ ეკონომიკური სარგებელის მოტანაზეა გათვლილი, არამედ, იმ გლობალური გამოწვევების პასუხია, რის წინაშეც დღევანდელი მსოფლიო დგას.
ერთ-ერთი მაგალითია ქალაქ გორში გახსნილი სოციალური საწარმო, სამკერვალო „ლიდერი“. მისი დამფუძნებლის, ნინო გიორგაძის თქმით, კომპანია ერთ-ერთი პირველია რეგიონში, რომელმაც შეიმუშავა ტექსტილის ნარჩენების გადამუშავების სტრატეგია. „წარმოებაში ნულოვანი ნარჩენი“ - ამ დევიზით, კომპანია საკუთარ და 35 პარტნიორი სამკერვალო საწარმოს ნარჩენს ამუშავებს.
რთული წარმოსადგენი არ არის, რომ რეალურად, ყოველი გადაუმუშავებელი კილოგრამი სამკერვალო ნარჩენი, რომლის გახრწნასაც 200 წელზე მეტი სჭირდება, სოციალური უპასუხისმგებლობის შემთხვევაში, შეიძლება, ბუნებაში იყოს „გაბნეული“ და უდიდესი ეკოლოგიური ზიანი მოჰქონდეს.
გარდა ამისა, „ლიდერის“ საქმიანობა ვრცელდება შიდა ქართლის მოსახლეობაზე და მისი მიზანია ამავე რეგიონში მცხოვრები მოწყვლადი კატეგორიის ქალების და გოგონების გაძლიერება. საწარმო ყოველწლიურად ფართოვდება, ზრდის სოციალურ შედეგებს და ამჟამად დასაქმებულია სხვადასხვა სოციალური კატეგორიის 26 ქალი, მათ შორის: სოციალურად დაუცველები, იძულებით გადაადგილებული პირები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები (მსხვერპლთა თავშესაფრის ბენეფიციარები), ე.წ. გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლის მცხოვ რები პირები და მარტოხელა დედები.
„ჩვენ ვიღებთ 35 საწარმოდან სამკერვალო ნარჩენს და მისი გადამუშავების გზით ვქმნით ახალ პროდუქტს. ეს არის თუნდაც შინაური ცხოველების საჭიროების ნივთები. მას, ასევე, ყიდულობენ ავეჯის მწარმოებლები და იყენებენ საკუთარი პროდუქტის შექმნაში. მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება უკვე ახალ ნედლეულზე, რომელსაც ვიღებთ ნარჩენის გადამუშავების გზით და მოთხოვნის შესაბამისად, ვცდილობთ, უფრო გავზარდოთ წარმოება. 2022 წლის ბოლოსთვის უკვე გვექნება გადამუშავებული 10 ტონა ნარჩენი რაც დაგეგმილზე 2-ჯერ მეტია“, - აღნიშნა ნინო გიორგაძემ.
მაშინ, როცა ქიმიური დანამატებით დაბინძურებული საკვებით მსოფლიოში 420 000 ადამიანი იღუპება, უვნებელი და ჯანსაღი პროდუქციის წარმოებით, კიდევ ერთი გლობალური გამოწვევა დაძლია სამმა ახალგაზრდამ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში მდებარე „ფით“ კომპანია და მისი პროდუქცია „ჩემპი“ არის სამი სტუდენტის მიერ დაფუძნებული ჯანსაღი ხემსის სტარტაპი, რომელიც, ამ ეტაპზე, შრობის ინოვაციური მეთოდით აწარმოებს ვაშლის ჩიფსს. „ჩემპის“ მისიაც ე.წ. საზღვრისპირა რეგიონის ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა და უნარჩენო წარმოების განვითარებაა. ამასთან, საწარმოს პრიორიტეტული მიმართულება გახლავთ ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებაც.
„ჩვენი ახალი პროექტი დაიწყო უშუალოდ CENN-ის და ევროკავშირის ხელმძღვანელობით, რაც გულისხმობდა როგორც წარმოების მასშტაბის ზრდას, ისე უშუალოდ ვაშლის ჩიფსების გამოშვებას და უნარჩენო წარმოებას. სწორედ წარმოების პროცესში დარჩენილი ვაშლის მასისგან ვქმნით ახალ ინოვაციურ პროდუქტს, ეს არის ტყლაპის მსგავსი პროდუქტი რომელიც უკვე ბაზარზეა“, - აღნიშნა მედიატურის ერთ-ერთმა მასპინძელმა და სოციალურმა მეწარმემ თამარ შეითნიშვილმა.
ნარჩენების მდგრადი მართვა, ეკოტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ეკო წარმოება, ჯანდაცვა და სხვა - ნინოს და თამარის მსგავსად, CENN-მა, მწვანე ეკონომიკური დოვლათის დაგროვებისა და შექმნის საშუალება ასევე მისცა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარეჯვარში მდებარე სამკერვალო - „ბამანეს“, ყვავილების სათბურის - „ფლორა ვილ“, „სოფიოგა - იოგას სტუდიას“ და ინოვაციური სათბურის - „გლობალ ეკო პროჯექტ ჯორჯია - ბიომეურნეობის ჰაბის“ დამფუძნებლებსაც, რომლებმაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყეს ისეთი ბენეფიციარების დასაქმებას, რომლებიც არიან მოწყვლადი ჯგუფებიდან და სოციალურთან ერთად, ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგანან.