საზოგადოება
03.05.2022 12:25
პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლამდე, მძღოლობის მსურველები საგამოცდოდ დადგენილ მარშრუტებზე სასწავლო სვლას ვერ შეძლებენ

ავტომობილის მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 9 სტრუქტურულ ერთეულშია შესაძლებელი: რუსთავში, გორში, ქუთაისში, თელავში, ბათუმში, ფოთში, ახალციხში, საჩხერესა და ოზურგეთში.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის მოსამზადებლად, მომსახურების სააგენტოს მიერ საგამოცდოდ დადგენილ მარშრუტებზე სასწავლო სვლა აკრძალულია. შესაბამისად, მძღოლობის მსურველები გამოცდამდე გასვლამდე ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე წინასწარ მომზადებას ვერ შეძლებენ.

მართვის უფლების მიღების მსურველები „B“ და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი მიმდინარე წლის 25 აპრილიდან გახდა. პირველი ეტაპი კვლავ მომსახურების სააგენტოს დახურულ მოედანზე ჩატარდება, მეორე ეტაპი კი - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.

მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს, თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში გავიდეს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე კი, პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში.

კვირის ამბები