„2020 წელს გაორმაგებული ძალებით გავაგრძელებთ მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელებას“ - გიორგი ხოჯევანიშვილი
რეგიონის გუბერნატორმა, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში, საკონსულტაციო საბჭოს სხდომას უმასპინძლა. შეხვედრას, რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.
გიორგი ხოჯევანიშვილმა, სტუმრებთან ერთად, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
სხდომაზე გაჟღერდა, რომ გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებს, დამატებით, 13 ინფრასტრუქტურული პროექტისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი გადაეცემა. ამავდროულად, მიმდინარე წელს დასრულდება ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბისი-საციხური-აბანოს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე, გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ტყვიავში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, ქ. გორის გარე განათების მოწყობა და ა.შ.
„პირველ რიგში, მადლობას ვუხდი თითოეულ მერს და თვითმმართველობის წარმომადგენლებს გაწეული სამუშაოსთვის. წლევანდელი წელს, სრულად ავითვისეთ ფინანსები და პროექტებიც მაქსიმალურად შესრულებულია. მომავალში კი, ჩვენ გაორმაგებული ძალებით გავაგრძელებთ მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელებას“, - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.