საფეხბურთო კლუბმა ,,გორი“, რომელიც საქართველოს ეროვნული ლიგა 3-ის ბინადარია, წლევანდელი სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
მეოთხე ტურის ეს მატჩი გორელებმა სტუმრად „ზესტაფონთან“ გამართეს და დიდი ანგარიშით - 3:0 სძლიეს მოწინააღმდეგეს.
ტური მართალია მეოთხე გახლდათ, მაგრამ „გორს“ თბილისის „მერანი 2“-თან ერთი თამაში გადადებული აქვს და შესაბამისად, აქამდე მან მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა.
სეზონის დაწყების შემდეგ გორელებმა ჯერ ფრედ - 1:1 დაასრულეს შეხვედრა „გურიასთან“, „დინამო 2“-თან კი მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხდნენ. ორივე პაექრობა გორში, „ქართლის“ სტადიონზე ჩატარდა.
რაც შეეხება პირველ გამარჯვებას ზესტაფონში, მატჩის მიმდინარეობისას გორული კლუბის უპირატესობა აშკარა იყო. ზესტაფონელებმა სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს ჩვენს ფეხბურთელებს. ანგარიში უკვე შეხვედრის დებიუტში მე-10 წუთზე გაიხსნა. სტუმართაგან თავი გიორგი ცეცხლაძემ გამოიჩინა. ანგარიშში დაწინაურებული გორელები საკუთარი კარის უსაფრთხოებაზეც კარგად ზრუნავდნენ და მოწინააღმდეგეს არ აძლევნდნენ საშუალებას, რომ გოლით ეხეირა. მეორე ტაიმში ჩვენი გუნდის სათამაშო უპირატეობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და ის ტაბლოზეც აისახა. 52-ე წუთზე არჩილ გიგაურმა კიდევ ერთხელ დაამწუხრა მასპინძლები და სხვაობა ორბურთიანი გახადა. ცოტა ხანში კი, გორელთა გუნდის კაპიტანის - ნიკა ოქროპირიძის ულამაზესი გოლი იხილა მაყურებელმა. ნიკამ თავისი გუნდის იერიშისას, კარიდან დაახლოებით 25 მეტრში მყოფმა, ძლიერი, შორეული და ეფექტური გასროლით გაახვია ბურთი მეტოქის კარში. „ზესტაფონის“ გოლკიპერმა ალექსანდრე ნუცუბიძემ სცადა დარტყმულზე რეაგირების მოხდენა, მაგრამ უძლური აღმოჩნდა.
შაბოლოოდ - 3:0, ასე იმარჯვა „გორმა“ და გულშემატკივრებს იმედი ჩაუსახა, რომ თავისი პოტენციალის რეალიზების შემთხვევაში, მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაც ძალუძს.
მომდევნო ტურის მატჩს „გორი“, 4 მაისს, შინ, „ბორჯომთან“ ჩაატარებს.