საზოგადოება
02.05.2022 15:17
როდის დაიწყება საზაფხულო არდადეგები სკოლებში - გაეცანით ინფორმაციას კლასების მიხედვით

საქართველოში, სასწავლო წლის დაწყების და დასრულების ვადები განათლების მინისტრის შესაბამისი ბრძანებითაა განსაზღვრული. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად განსაზღვრულია 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად - 15 ივნისი.

იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს, ხოლო თუ 15 ივნისი ემთხვევა დასვენების დღეს, სასწავლო წლის დასრულების თარიღად განისაზღვრება 15 ივნისის წინა პარასკევი.

სასწავლო წლის დასრულების თარიღი კი პირველკლასელებისა და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის განსხვავებულია: პირველკლასელები სწავლას 27 მაისს დაასრულებენ, მეთორმეტეკლასელები - 20 მაისს, ყველა დანარჩენი კლასი კი - 15 ივნისს.

თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დასრულდება 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის - 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს.

კვირის ამბები