საზოგადოება
02.05.2022 15:18
გორში სეზონური გრიპის შემთხვევებმა იმატა, შიდა ქართლში A ტიპის სეზონური გრიპის ვირუსის ქვეტიპი - H3N2 ცირკულირებს

თუ ბავშვს აღენიშნება გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მშობლებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ საბავშვო ბაღსა და სკოლაში გაშვებისგან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსმა ეკა ქორჩაშვილმა განაცხადა.

ქორჩაშვილის ინფორმაციით, რეგიონში ამჟამად ცირკულირებს A ტიპის სეზონური გრიპის ვირუსის ქვეტიპი - H3N2.

,,ამჟამად, რეგიონში ცირკულირებს A ტიპის სეზონური გრიპის ვირუსის ქვეტიპი - H3N2, რომელიც ხასიათდება ხანგრძლივი მიმდინარეობით, ხშირად, განსაკუთრებით ბავშვებში, - მაღალი ტემპერატურით, დიარეით, ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი ნიშნებით - ღებინებით. აღნიშნული ქვეტიპის შემთხვევების მატება შეინიშნება, თუმცა, საგანგაშო მაჩვენებელი არ გვაქვს. არის მოლოდინი, რომ სიტუაცია დარეგულირდება ტემპერატურის მატებასთან ერთად და სეზონური გრიპის შემთხვევებიც მოიკლებს.

რაც შეეხება ამ პროცესის მართვას, მძიმე, მწვავე რესპირატორული ინფექციების, გრიპისა და გრიპისმაგვარ დაავადებებზე ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა რეგულირდება შესაბამისი დადგენილებით, რომლის საფუძველზეც, საყრდენი ბაზების საშუალებით, მონიტორინგი ხორციელდება ყოველი წლის მე-40 კვირიდან მომდევნო წლის მე-20 კვირის ჩათვლით.

პირველადი ჯანდაცვის ორგანიზიციებისა და ასევე კერძო დაწესებულებებიდან მიღებულ ინფორმაციას ყოველკვირეულად გვაწვდიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები, შემდგომ კი, უკვე აგრეგირებულ ინფორმაციას, ყოველი 4 კვირის მონაცემებს ვაწვდით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, მშობლებს მოვუწოდებთ, თუ ბავშვს აღენიშნება გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, თავი შეიკავონ საბავშვო ბაღსა და სკოლაში გაშვებისგან“, - განაცხადა ,,გორის მაცნესთან“ ეკა ქორჩაშვილმა.   

კვირის ამბები