გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ ერთობლივი პროექტის - „ბოჩა - ჩვენთვის აქტიური სპორტი“ ფარგლებში, შშმ პირები პარაოლიმპიური სპორტის სახეობას - „ბოჩას“ ეუფლებიან.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, პროექტის მიზანი, აღნიშნული სპორტის სახეობის განვითარება და სხვადასხვა დონის შეჯიბრებებში წარმატებული მონაწილეობაა. გარდა ამისა, „ბოჩა“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აძლევს აქტიური ცხოვრების საშუალებას, აუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხსა და საზოგადოებაში ინტეგრაციას.
„გორის მერია მაქსიმალურად უწყობს ხელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრირებას და ამ მიმართულებით არაერთი პროექტი გვაქვს დაფინანსებული. ამ ეტაპზე, შშმ პირები ბოჩას თამაშს სწავლობენ. აღნიშნული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში წელს პირველად ხორციელდება. დარწმუნებული ვარ, მისი ბენეფიციარები არაერთხელ გვასახელებენ“ - აღნიშნა პროექტიზე საუბრისას გორის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა.
ზემოხსენებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ ბენეფიციარებს საქართველოს ბოჩას ფედერაციის გენერალური მდივანი და მთავარი მწვრთნელი თინათინ რევაზაშვილი ავარჯიშებს.
ბოჩა არის სპორტის სახეობა, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა ცერებრული დამბლის მქონე პირებისათვის, მოგვიანებით კი, ამ სახეობაში, ცერებრული დამბლის მქონე პირებისგარდა, სხვადასხვა ფორმით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიცჩაერთვნენ. 1984 წელს ბოჩა პარალიმპიური სპორტის სახეობა გახდა.
სპორტის ეს სახეობა ავითარებს კუნთებსა და სიზუსტეს. მოთამაშეები ისვრიან ბურთს, რათა ახლოს მოახვედრონ სამიზნე ბურთთან. ბურთი შეიძლება ისროლო ხელით, ფეხი მიარტყა ან გააგორო. თუ მოთამაშეს არ შეუძლია ბურთის არც გაგორება, არც სროლა, მას აქვს უფლება, გამოიყენოს დამხმარე პანდუსი, ამასთანავე, თუ მოთამაშეს არ შეუძლია დამოუკიდებლად ბურთის სროლა, მას შეუძლია გამოიყენოს დამხმარე მოწყობილობა - თავის ან ხელის სამაგრი.