საზოგადოება
02.05.2022 11:36
სიმპტომიანი პაციენტებისთვის სწრაფი ტესტი უფასოა და კლინიკების მიერ მოქალაქეებისთვის თანხის გადახდა დარღვევაა - ამირან გამყრელიძე

როდესაც პაციენტებში კლინიკური სურათი სიმპტომებით მიმდინარეობს, სწრაფი ტესტი უნდა ჩატარდეს, რაც უფასო გახლავთ, მას სახელმწიფო აფინანსებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, სიმპტომიანი პაციენტებისთვის სწრაფი ტესტი ყველგან უფასოა და თუ სადმე ამის ნიველირება ხდება, დარღვევაა.

„როდესაც კლინიკური სურათი სიმპტომებით მიმდინარეობს, სწრაფი ტესტი უნდა ჩატარდეს, რაც უფასო გახლავთ, მას სახელმწიფო აფინანსებს. თუ სადმე ამის ნიველირება ხდება, მაშინ ეს დარღვევაა. იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი მიდის და ამბობს, რომ სიმპტომები აქვს სწრაფი ტესტი უფასო უნდა იყოს, სახელმწიფო აფინანსებს და თანხა არ უნდა გადაიხადოს. ამ ეტაპზე, ზოგადად, ტესტირება შემცირებულია, რადგანაც მოთხოვნა ნაკლებია. ჩვენ დღიურად ახალი შემთხვევების რაოდენობა 100-200-ის ფარგლებში გვაქვს. ეს შემთხვევები, ძირითადად, სწრაფი ტესტით ვლინდება. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველა იმ შემთხვევას აფინანსებს, რომელიც სიმპტომებით მიმდინარეობს. კორონავირუსსაც და სხვადასხვა რესპირაციულ ვირუსს მსგავსი კლინიკური გამოვლინება აქვთ, ამიტომ მათი დიფერენცირება ტესტირებით ხდება“, - აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

 

კვირის ამბები