მედიატურის ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გახსნილი საწარმო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გახსნილი საწარმო, გორში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს. მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რმუნებულთან ვალერიან მჭედლიძესთან და საკრებულოს წევრთან ლია მამულაშვილთან ერთად, საწარმო „ლიდერი“ მედიატურის ფარგლებში დაათვალიერა.
საწარმო „ლიდერთან“, გორის მერია, რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს მუნიციპალური თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში. შედეგად, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული ქალები ჭრა-კერვას და მოდელირებას უსასყიდლოდ სწავლობენ. თანამშრომლობის მიზანი დასაქმების ხელშეწყობაა.
„მიხარია, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში სოციალური და გარემოსდაცვითი საწარმოები ფუნქციონირებს. გორელმა მეწარმეებმა აღნიშნული ობიექტების გახსნა და ათეულობით ადგილობრივის დასაქმება ევროკავშირის დახმარებით შეძლეს. უზომოდ მადლიერი ვარ და ვაფასებ ევროკავშირის მხარდაჭერას. დიდი იმედი მაქვს, რომ აღნიშნული ორგანიზაცია მომავალშიც აქტიურად გაგრძელებს თანამშრომლობას ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათი ხელშეწყობით მუნიციპალიტეტში კიდევ არაერთი
კომერციული ობიექტი გაიხსნება. პირადად გავეცანი არსებული საწარმოების საქმიანობას. მათ უკვე მიაღწიეს საკმაოდ დიდ წარმატებებს და მჯერა, რომ კიდევ უფრო განვითარდებიან. გორის მუნიციპალიტეტის მერია კომპეტენციის ფარგლებში სრულ მხარდაჭერას უცხადებს მათ. წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მათგანს,“ - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
მედიატური გაიმართა CENN-ის პროექტის „EU4Youth – საზღვრისპირა რეგიონებში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება მწვანე ზრდისთვის(SEED)“ ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს.
ამავე მედიატურის ფარგლებში, სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, ასევე, მოინახულეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარეჯვარში მდებარე სამკერვალო - „ბამანე“, ყვავილების სათბური - „ფლორა ვილ“ და დიცში მდებარე ვაშლის ჩიფსის მწარმოებელი კომპანია „ჩემპი“.