კულტურა
23.12.2019 12:37
ყოველთვის ვგრძნობ გულშემატკივრის თანადგომას და ამჯერად, ბოლოჯერ ვთხოვ, მხარდაჭერას - „საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალისტი თამარ კაკალაშვილი

გორის გოგონათა გუნდის სოლისტი, თამარ კაკალაშვილი სატელევიზიო მუსიკალური პროექტის - „საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალისტია. ნახევარფინალური ტური გასულ შაბათს გაიმართა და ხუთი კონკურსანტიდან, საბოლოო ეტაპზე ოთხი მათგანი გადავიდა.

„ძალიან ვნერვიულობდი, ამხელა გზა გავიარე და არ მინდოდა, ნახევარფინალიდან ჩამოვშორებოდი პროექტს. როცა ამ კონკურსში მონაწილეობა გადავწყვიტე, რა თქმა უნდა, ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ფინალში სიმღერა იყო. როცა წამყვანმა ჩემი სახელი გამოაცხადა, თითქოს მომეშვა ნერვიულობა და დავმშვიდდი, მაგრამ ამავდროულად, გული დამწყდა, რომ პროექტს ჩემი ერთ-ერთი მეგობარი გამოეთიშებოდა. მართლა დიდ პატივს ვცემთ კონკურსანტები ერთმანეთს და ვფიქრობ, ყველას გაგვიხარდებოდა ერთმანეთის წარმატება. ამიტომ, ვინც უნდა გახდეს გამარჯვებული, მე მაინც გამიხარდება, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ მაყურებელი მე შემარჩევს, ძალიან ბედნიერი ვიქნები. ამ ხნის განმავლობაში, ყოველთვის ვგრძნობ გულშემატკივრის მხარდაჭერას და ამჯერად, ბოლოჯერ ვთხოვ მაყურებელს, რომ ჩვენი ერთობლივი შრომა ბოლომდე მივიყვანოთ და მხარი დამიჭირონ. ორმაგად და სამმაგად უნდა გააქტიურდეს გულშემატკივარი, თუ მართლა გულით სურთ ჩემი გამარჯვება“, - უთხრა GMnews-ს „საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალისტმა, თამარ კაკალაშვილმა.

ცნობისთვის, მუსიკალური მეგაპროექტი - „საქართველოს ვარსკვლავი“ - ამერიკული American Idol-ისა და ბრიტანული Pop Idol-ის ქართული ანალოგია. ამასთან, პროექტის ამ სეზონის გამარჯვებული 2020 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს.

კვირის ამბები