გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ჩატარებულ კონკურსში „ისწავლე უსაფრთხო გარემოში“, საპრიზო მეხუთე ადგილი გორის მუნიციპალიტეტის მე-12 საჯარო სკოლამ დაიკავა.
ზემოხსენებული ორგანიზაციის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობდა სკოლის ეკოკლუბი - „ეკომეგობრები“. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, რომელიც პროექტის ფარგლებში განხორციელდა, მოსწავლეებისთვის, კატასტროფამდე, კატასტროფის დროს და კატასტროფის შემდეგ ქცევის წესების გაცნობა იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ეკოკლუბელების გარდა, პროექტის აქტივობებში სკოლის სხვა მოსწავლეებიც ჩაერთნენ და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შესახებ სასკოლო სტენდი შექმნეს.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ჰქონდეთ ინფორმაცია კატასტროფის დროს ქცევის წესების შესახებ, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ადამიანური მსხვერპლის რისკი. მოსწავლეებმა, ზემოხსენებულ სტენდზე მუშაობის დროს, ძალიან ბევრი რამ გაიგეს კატასტროფებზე, მათ გამომწვევ მიზეზებზე და შედეგებზე. აღნიშნულმა პროცესმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში კვლევის, კომუნიკაციის და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას“,- აღნიშნა პროექტის შეფასებისას გეოგრაფიის მასწავლებელმა მარინე ვართუმაშვილმა, რომელიც აქტიურად იყო ჩართული კატასტროფებთან დაკავშირებული ქცევის წესების გაცნობის პროცესში.