კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია პრაქტიკულად შეჩერებულია. მომართვიანობა არის უკიდურესად დაბალი, რაც ძალიან ცუდია, - ამის შესახებ „გორის მაცნეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა მარი გიუნაშვილმა განუცხადა. გიუნაშვილის თქმით, მაგალითად, გუშინ, 26 აპრილს, გორის მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო მხოლოდ 2 აცრა ჩატარდა.
„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე მომართვიანობა არის უკიდურესად დაბალი. ამ მაჩვენებლით, შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად შეჩერებულია. მაგალითად, გუშინ, 26 აპრილს, გორის მუნიციპალიტეტის ამცრელ პუნქტებში მხოლოდ 2 აცრა ჩატარდა (ორივე სოფელ ნიქოზში, ბუსტერ დოზით). რაც შეეხება სხვა კლინიკებს, სადაც ვაქცინაციის კაბინეტები მოქმედებს, დღეში ზოგჯერ მხოლოდ ერთი ან ორი აცრა ფიქსირდება, რაც, გარდა იმისა, რომ მოსახლეობის ვაქცინაციის მოცვით ძალზე დაბალი მაჩვენებელია, ამასთანავე, იწვევს ვაქცინის დოზების გაფუჭებასაც. მოგეხსენებათ, მაგალითად, ერთი ფლაკონი „ფაიზერი“ გათვლილია 10 პერსონის აცრაზე, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ თითოეულ ამცრელ პუნქტს ყოველდღიურად 10 მოქალაქეც კი არ მიმართავს, კლინიკები ცდილობენ, ვაქცინაციის მსურველ ათამდე ადამიანს ერთ დღეს დაუნიშნონ აცრაზე ვიზიტი, რომ თავიდან აიცილონ ვაქცინის გაფუჭება, თუმცა, როცა ეს არ ხერხდება,ბუნებრივია, ამცრელი პუნქტი უკან არ აბრუნებს ვაქცინაციაზე მისულ მოქალაქეს“, - აღნიშნა გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა.