„ააგროვე ლოკოკინა, მოგვიტანე და მიიღე თანხა“ - ამგვარი სოციალური აქტივობა დაიწყო წილკანში დაფუძნებული ლოკოკინების გადამამუშავებელი ქარხნის (TIMEO) ადმინისტრაციამ.
TIMEO-ს ინფორმაციით, ქარხანა ველურ ლოკოკინებს იბარებს, რომლებიც საქართველოს ბუნებაში მრავლადაა, კილოგრამ ლოკოკინაში კი 1.30 ლარს იხდის, ქარხნის გარეთ მოქმედ ჩამბარებელ პუნქტებში კი, 1 კგ. ლოკოკინის ფასი 0.80 ლარია. ერთადერთი, რა კრიტერიუმიც უნდა დააკმაყოფილოს პროდუქციამ არის ის, რომ ლოკოკინა 28 მმ-ზე პატარა არ უნდა იყოს.
გორის მუნიციპალიტეტში ლოკოკინების ჩამბარებელი ორი პუნქტი უკვე მოქმედებს კირბალსა და ტინისხიდში, სულ მალე კი კიდევ ერთი პუნქტის გახსნას სოფელ ხელთუბანში მცხოვრები 11 წლის გიორგი ტერტერაშვილი გეგმავს. გიორგი რამდენიმე დღის წინ ჩაერთო ქარხნის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებულ სოციალურ აქტივობაში, უმცროს ძმასთან, 6 წლის დათასთან ერთად 82 კგ. ლოკოკინა შეაგროვა და მშობლების დახმარებით წილკანში ჩააბარა, შემდეგ კი, თავად გაუჩნდა სურვილი, რომ ველური ლოკოკინების ჩამბარებელი პუნქტი მოეწყო.
,,საკმაოდ ბევრი ლოკოკინაა ჩვენს ბაღში, განსაკუთრებით - ნალექიან ამინდში ან დილით ადრე, როცა მცენარეებზე ნამია. აბსოლუტურად ყველაფერს ანადგურებენ, ყველა სახის ბოსტნეული დააზიანეს შარშან - სალათის ფოთლის ნათესები, სოკო, სატაცური, ნესვი და საზამთროც გვქონდა და ორივე გაანადგურეს, ამიტომ, გარდა იმისა, რომ გარკვეული შემოსავალი მოაქვს ლოკოკინების შეგროვებას და ჩაბარებას, მეორე უპირატესობაც აქვს - ბოსტნეული კულტურების გადარჩენა. უახლოეს დღეებში მეც გავხსნი ლოკოკინების ჩამბარებელ პუნქტს, სტიკერები უკვე გადმომცეს ქარხანაში, ახლა ინვენტარს ველოდები“, - განუცხადა ,,გორის მაცნეს“ გიორგი ტერტერაშვილმა.
წილკნის ქარხანა, რომელიც ოფიციალურად 10 მაისს გაიხსნება, ორი სახის პროდუქტს აწარმოებს - ლოკოკინის გაყინულ ხორცს და სტერილიზებულ ნიჟარებს, რომლებიც ექსპორტზე გავა.
და ბოლოს, თუ გაგიჩნდათ კითხვა: - ნუთუ, ამდენი ლოკოკინაა საქართველოში?
ეკოლოგ ლევან მუმლაძის კვლევების მიხედვით, საქართველოში ერთ კვადრატულ კილომეტრზე 20 ტონა ველური ჯიშის ლოკოკინა მოიპოვება.