დღეიდან, ვინც მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდას ჩააბარებს, პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება რეალურ სივრცეშიც მოუწევს. როგორც ცნობილია, 25 აპრილიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ორ ეტაპიანი გახდა და რეალურ პირობებში ჩაბარება სავალდებულოა. პირველ ეტაპზე ეს „B“ და „BE“ ეკატეგორიის ავტომობილებს ეხება, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან რეგულაცია სავალდებულო გახდება ყველა კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად.
რაც შეეხება საფასურს, გამოცდაზე რეგისტრაციის ჯამური თანხა 130 ლარი იქნება, საიდანაც 40 ლარი - თეორიის და დახურულ მოედანზე გამოცდის ჩაბარების ღირებულებაა, 90 ლარი კი - რეალურ სივრცეში გამოცდის ჩაბარების.
ცვლილებების მიხედვით, მძღოლობის კანდიდატი პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასვლას, პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღის შემდეგ შეძლებს. ამასთან, მძღოლობის კანდიდატს საშუალება ექნება, ისარგებლოს დაჩქარებული მომსახურებით. თუ აპლიკანტი მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილის ჩაბარებას დაჩქარებული წესით მოინდომებს, მომსახურების ღირებულება 160 ლარით განისაზღვრება.