გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის რეაბილიტაციის პროცესი იწყება, - ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ თეატრის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.
„თეატრის შენობას სამმხრივი უნიკალური ფასადი აქვს, რომელიც ყოველდღიურად ჩვენ თვალწინ ნადგურდება. არადა, ეს შენობა, 1939 წლიდან, ჩვენი მუნიციპალიტეტის ფასდაუდებელი მემკვიდრეობაა. თანამედროვე გორელებს უნდა ახსოვდეთ, რომ ინტენსიური სათეატრო ცხოვრება გორში 1845 წლიდან იწყება და უწყვეტად გრძელდება დღემდე, უფრო შორეულ წარსულს თუ გადავავლებთ თვალს, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ უფლისციხის ანტიკური კულტურის შთამომავლებად ვითვლებით.
გორის თეატრს მოვლა-პატრონობა და სიყვარული სჭირდება. ამ პროცეში თითოეული თქვენგანის ჩართულობა უაღესად მნიშვნელოვანია.
ინტენსიურად მოგაწვდით თეატრში მიმდინერე პროცესების შესახებ სიახლეებს და იმედი გვაქვს თქვენი აქტიურობის“, - ნათქვამია თეატრის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი 2 აპრილს გორის თეატრს ეწვია. თეა წულუკიანმა თეატრის შენობის დათვალიერების შემდეგ სასწრაფო ზომების მიღება საჭიროდ ჩათვალა, რაც პირველ ეტაპზე პროექტირებას, ხოლო შემდგომ, სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.