საზოგადოება
26.04.2022 09:42
მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარება დღეიდან სავალდებულო გახდა

ავტომობილის მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი დღეიდან ორეტაპიანი გახდა. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩატარდება.

შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მძღოლობის კანდიდატს, რომელიც პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაიშვება, გამოცდის ჩაბარება საგზაო მოძრაობის სხვადასხვა ინტენსივობის გზაზე მოუწევს.

„2022 წლის 25 აპრილიდან „B” და „BE” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორ ეტაპიანი ხდება. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტციკებული საგამოცდო მარშრუტების შესაბამისად ჩატარდება.

მძღოლობის კანდიდატს, რომელიც პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაიშვება, გამოცდის ჩაბარება საგზაო მოძრაობის სხვადასხვა ინტენსივობის გზაზე მოუწევს:- დაუსახლებელ პუნქტებში;- ავტომაგისტრალზე ან სხვა მსგავს გზაზე ან იმ გზაზე, სადაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით;- დასახლებულ პუნქტებში, გზებზე, სადაც მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით.

მძღოლობის კანდიდატს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩასაბარებლად, არანაკლებ 25 წუთის განმავლობაში მოუწევს კონკრეტული მარშრუტით გადაადგილება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

კვირის ამბები