სააღდგომო კვერცხის შეღებვა არავისთვის არ არის სიახლე, თუმცა, მაინც გთავაზობთ მცირე რჩევებს, რომლის გათვალისწინების შემთხვევაშიც მკვეთრი და ხასხასა ფერის წითელი კვერცხი გამოგივათ.
სასურველია შესაღები კვერცხები იყოს ოთახის ტემპერატურის.
თუ მაინც პირდაპირ მაცივრიდან აღებულ კვერცხებს ღებავთ, 10-15 წუთით მაინც გააჩერეთ ოთახის ტემპერატურის წყალში.
რაც შეეხება შესაღებ საშუალებებს – უპირატესობა მიანიჭეთ ენდროს, რადგან ის ყველაზე საუკეთესო, უსაფრთხო და ჯანსაღი საშუალებაა სააღდგომო კვერცხების შესაღებად.
სურვილის მიხედვით შეგიძლიათ ენდროს დაუმატოთ ხახვის ფურცლებიც.
შეღებვის პროცესი
ავიღოთ ქვაბი, რომლის ენდროთი შეღებვაც არ დაგენანებათ. ჩავყაროთ მასში კარგად გარეცხილი და კარგად დანაყული ენდრო, დავასხათ ცივი წყალი და ავადუღოთ (შეგიძლიათ სურვილის მიხედვით ხახვის ფოთლებიც ჩაყაროთ). ვადუღოთ 10-15 წთ.
გავაციოთ ეს ნახარში და ჩავალაგოთ ოთახის ტემპერატურის კვერცხები, დავუმატოთ 2 ან 3 სუფრის კოვზი ძმარი, 1 ჩ.კ. მარილი და მოვხარშოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე, ადუღებიდან 40 წთ-ის შემდეგ ამოვიღოთ უკვე შეღებილი კვერცხები და ჩავალაგოთ ცივ წყალში.
იგივე ნახარში შეგიძლიათ გამოიყენოთ კვერცხების მეორეჯერ მოხარშვისას, მაგრამ კვერცხები რომ არ დასკდეს – ნახარში გააციეთ და კვერცხები მეორეჯერ ისე მოხარშეთ.
კარგად რომ გაცივდება – უკვე მშრალი კვერცხები გავაპრილოთ ზეთიანი სალფეტქით ან ნაჭრით (ან ზეთიანი ბამბით).