23 აპრილს, შაბათს, 12:00 საათზე, გორისა და ატენის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა-კურთხევით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ორგანიზაციის მოხალისეების და გორის ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკვერში (გორის ციხესთან) სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
საქველმოქმედო ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ალექსანდრე ოქროპირიძის თქმით, ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი საკმაოდ ბევრმა გამოთქვა.
,,სააღდგომო-გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინ ც ქმნის ნებისმიერი სახის პროდუქციას, ეს იქნება ხელნაკეთი ნივთები, ნაქსოვი, ნაქარგი, სამკაულები, პასკები, საკონდიტრო ნაწარმი თუ სხვა სახის პროდიქტი ან სუვენირები და საყოფაცხოვრებო ნივთები. უკვე საკმაოდ ბევრი გამოგვეხმაურა და ვფიქრობთ, ესენი გახლავთ ძირითადად ინდ.მეწარმეები ან კერძო პირები - ინდივიდუალურად. სააღდგომო გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება გორისა და ატენის ეპარქიის მიერ წარმოებული პროდუქციაც. ღონისძიება საქველმოქმედო გახლავთ და გათვალისწინებულია გორში მცხოვრები უკრაინიდან დევნილი პირების დახმარება“, - განუცხადა ალექსანდრე ოქროპირიძემ ,,გორის მაცნეს“.
ცნობისთვის, ღონისძიების ორგანიზატრორების ინფორმაციით, გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მათაც, ვინც თავად არ აწარმოებს რაიმე სახის პროდუქციას, თუმცა, შინ აქვს ისეთი ნივთი ან ნივთები, რომლის რეალიზაციის სურვილიც აქვს.
ორგანიზატორების თქმით, ყველა მონაწილე ვალდებულია, ღონისძიებაზე ეკეთოს პირბადე და დაიცვას 2 მეტრის დისტანცია.