საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს. სახელმწიფო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ოლეგ (ბაჩო) თორთლაძე შიდა ქართლში იმყოფებოდა და რეგიონის გუბერნატორის პირველ მოადგილეს სიმონ გულედანს, ასევე, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა.
შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შესახებ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. საუბარი, ასევე, შეეხო სოფლებისა და დაბების დამისამართების საკითხებსაც.
„შეხვედრა გვქონდა შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან, სადაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით ამომწურავად ისაუბრა. გავცვალეთ ინფორმაციები და მინდა გითხრათ, რომ შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი“, - განაცხადა გუბერნატორის მოადგილემ, სიმონ გულედანმა შეხვედრს დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში საქართველოს 59 მუნიციპალიტეტის (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა) კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს ეტაპობრივად აზომავს და დაარეგისტრირებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია ქვეყნის 1000-ზე მეტ ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს. რეფორმის შედეგად, ქვეყნის დაახლოებით 1/3 დარეგისტრირდება, უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემები შეიქმნება და უძრავი ქონების ბაზარი განვითარდება.