შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
„დღევანდელი ფაქტი კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს ოკუპაციის რეალურ სახეს და იგი ცალსახად მიმართულია დაძაბულობის ესკალაციისკენ. ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების პირველივე წუთებიდან, სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, მაქსიმალურად ჩართულია უკანონო პატიმრობიდან ექიმის უპირობო გასათავისუფლებლად წარმართულ პროცესში და ყველა შესაძლო არხს, მექანიზმსა და ტრიბუნას იყენებს, რათა საბოლოო შედეგს მივაღწიოთ. რა თქმა უნდა, ძალისხმევა არც ერთი წუთით არ მოდუნდება. სახელმწიფო კვლავაც მაქსიმუმს გააკეთებს და რათა ეს შედეგი რაც შეიძლება მალე დადგეს“, - ნათქვამია მინისტრის მოადგილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დე ფაქტო ხელისუფლებამ, ვაჟა გაფრინდაშვილი 13 ნოემბერს ახალგორის რაიონში დააკავა და ბრალად ე.წ. სახელმწიფო საზღვრის განზრახ დარღვევა წაუყენა. ქართველი ექიმი, ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით გაასამართლა და 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.