საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 21 აპრილის მდგომარეობით, პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა. კერძოდ კი შეიცვალა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველ კლასში რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სიახლე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკთან დაკავშირებით განხორციელებულმა ცვლილებამ გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში დამატებით უნდა განხორციელდეს იმ ბავშვების ჩარიცხვა, რომელთაც 6 წელი მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შესაბამისი ბრძანების მიხედვით, პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შემდეგნაირად განისაზღვრა:
I ეტაპი განხორციელდება 2022 წლის 20 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით. I ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს. პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული ბავშვების მშობლები სკოლებში დოკუმენტების წარდგენას 2022 წლის 29 აპრილიდან 2022 წლის 6 მაისის ჩათვლით შეძლებენ.
იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე განახორციელონ.
II ეტაპზე რეგისტრაცია 10 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. ამ შემთხვევაში რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა. აღსანიშნავია, რომ მეორე ეტაპზე დარეგისტრირებული ბავშვების მშობლებმა შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში რეგისტრაციისთვის განსაზღვრულ ვადებში უნდა უზრუნველყონ.
III ეტაპი - 2022 წლის 24 მაისიდან დაიწყება და 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 2022 წლის 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
IV ეტაპი – 2022 წლის 4 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.
შეგახსენებთ იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც პირველ კლასში ჩასარიცხადაა საჭირო:
მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.