დღეიდან 25 აპრილის ჩათვლით, ოკუპირებული ახალგორის შესასვლელში არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი გახსნილი იქნება და ის პირები, ვინც დე ფაქტო რეჟიმის მიერ გაცემულ ე.წ. ,,პროპუსკებს“ ან დე ფაქტო ,,სამხრეთ ოსეთის პასპორტს“ ფლობენ, შეძლებენ ოკუპირებულ დაბაში შესვლას, - ამის შესახებ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განაცხადა. თინიკაშვილის ინფორმაციით, ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მმართველი რეჟიმის ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი დღეს დილით გახდა.
,,დე ფაქტო რეჟიმმა მიიღო გადაწყვეტილება და დღეიდან 25 აპრილის ჩათვლით, გახსნა ოკუპირებული ახალგორის შესასვლელში არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი. ამ დღეების განმავლობაში გადაადგილებას შეძლებენ ის ადამიანები, ვისაც გააჩნია დე ფაქტო რეჟიმის მიერ გაცემული ,,პროპუსკი“ ან ფლობს ე.წ. პასპორტს. ამ ადამიანებს საშუალება ექნებათ, შევიდნენ საკუთარ სახლებში, მოინახულონ ახლობლები, გავიდნენ გარდაცვლილი ნათესავების საფლავებზე. თითქმის უკვე ორწელიწადნახევარია, ჩაკეტილია ახალგორის შესასვლელი, რაც კრიზისულ მდგომარეობაში აყენებდა როგორც ახალგორში მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე იმ პირებს, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან და ვერ ახერხებდნენ საკუთარ სახლებში შესვლას. ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე დააყენეს ეს ჰუმანიტარული საკითხი,“, - განაცხადა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
ოკუპირებული ახალგორის შესასვლელი 2019 წლის 5 სექტემბრის შემდეგ ჩაკეტილია.