საზოგადოება
20.12.2019 17:11
იანვრიდან ავტომობილებში დამონტაჟებული თხევადი აირის სისტემებისა და აირბალონების ინსპექტირება სავალდებულო ხდება

2020 წლის პირველი იანვრიდან, ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემის ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო გახდება.  როგორც ცნობილია, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ბუნებრივი გაზის აირბალონი ექვემდებარება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო თხევადი აირის შემთხვევაში - 3 წელიწადში ერთხელ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ავტომობილების მფლობელები ვალდებულნი იქნებიან ტექნიკური ინსპექტირების დროს, თან იქონიონ თხევადი აირის აირბალონისა და შესაბამისი სისტემის ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატი. აღნიშნული სერტიფიკატი კი, გაცემული უნდა იყოს აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ. ამასთან, სამინისტროს ცნობით, ინსპექტირების სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალებები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე არ დაიშვებიან.

„გათხევადებული აირბალონისა და მისი სისტემის ინსპექტირების მიზნით აკრედიტირებული ინსპექტირების ცენტრების თობაზე საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია, მას შემდეგ რაც დასრულდება აკრედიტაციის პროცესი“, - ნათქვამია ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ დროისთვის, თხევადი აირის აირბალონისა და სისტემის ტექნიკური ინსპექტორების მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლებელებს შეუძლიათ მიმართონ შემდეგ ინსპექტირების ცენტრებს: შპს „გაზკონტროლი“ - ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი N67; შპს „ჰესლერი“ ქ. თბილისი, გიორგი მდივანის პირველი შესახვევი N100; შპს „გიომოტორსი“ - ქ. გორი, სუხიშვილის ქ.N63; შპს „გიომ1“ - ქ. ქუთაისი, აბაშიძი ქ. N32.

კვირის ამბები