საზოგადოება
20.04.2022 12:59
რეგიონული ფორუმი ახალგაზრდებისთვის - „საზოგადოება ბილიკის“ შეთავაზება რეგიონის ახალგაზრდებს

თუ ცხოვრობ შიდა ქართლში და დაინტერესებული ხარ ახალგაზრდული საკითხებით, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა! - ამ შინაარსის მიმართვას „საზოგადოება ბილიკი“ ავრცელებს.

ორგანიზაცია, დაინტერესებულ პირებს ახალგაზრდულ რეგიონულ ფორუმში მონაწილეობას სთავაზობს.

„თუ ხარ აქტიური მოქალაქე და გინდა იმოქმედო ცვლილებებისათვის, თუ ხარ მოტივირებული შენს თემში არსებული პრობლემის მოგვარების მიზნით განახორციელო ინიციატივა, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა! შეავსე ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა 2022 წლის 1 მაისამდე და მონაწილეობა მიიღე ახალგაზრდულ რეგიონულ ფორუმში. ფორუმის მიზანია, წარმოაჩინოს შიდა ქართლის რეგიონის ახალგაზრდების მობილიზებისა და აქტიური ჩართვის მნიშვნელობა ადგილობრივი თემის საჭიროებების გადაწყვეტაში.

ახალგაზრდული რეგიონული ფორუმი ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) ფარგლებში.

აღნიშნული პროექტის მიზანია გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - აცხადებენ „საზოგადოება ბილიკში“.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდული ფორუმი ერთდღიანი ღონისძიებაა და 21 მაისს გაიმართება. მონაწილეებს კი კონკურსის წესით შეარჩევენ. „გორის მაცნეს“ ინფორმაციით, შიდა ქართლის 4 მუნიციპალიტეტიდან, პროექტში 40 ახალგაზრდა ჩაერთვება.

კვირის ამბები