საზოგადოება
20.04.2022 12:37
„ჭიაკოკონობის“ ტრადიცია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გაფრთხილება

აღდგომის კვირის ოთხშაბათს, საქართველოს არაერთ რეგიონში წარმართულ ტრადიციული რიტუალს, „ჭიაკოკონობას“ მართავენ, რა დროსაც ხდება ცეცხლის ანთება. ჭიაკოკონისთვის იყენებენ შეშას, ფიჩხს და ზოგჯერ - ძველ საბურავებს. გარდა იმისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ჭიაკოკონობას ცალსახად წარმართულ ტრადიციად მიიჩნევს, გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის, საბურავების, პლასტიკის მასალის, ფოთლების) ღია წესით დაწვა აკრძალულია.

სამინისტროს ინფორმაციით, ფოთლების, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის ღია წესით დაწვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს 1 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

„აღნიშნული ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ რიტუალში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები „ჭიაკოკონობის ღამეს“ კონტროლს გაამკაცრებენ და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენენ“, - აღნიშნულია გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.

კვირის ამბები