2022 წლის 25 აპრილიდან „B“ და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორ ეტაპიანი ხდება, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მძღოლობის კანდიდატს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩასაბარებლად, არანაკლებ 25 წუთის განმავლობაში მოუწევს კონკრეტული მარშრუტით გადაადგილება.
„მძღოლობის კანდიდატს, რომელიც პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაიშვება, გამოცდის ჩაბარება საგზაო მოძრაობის სხვადასხვა ინტენსივობის გზაზე მოუწევს: დაუსახლებელ პუნქტებში; ავტომაგისტრალზე ან სხვა მსგავს გზაზე ან იმ გზაზე, სადაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით; დასახლებულ პუნქტებში, გზებზე, სადაც მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით.
მძღოლობის კანდიდატს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩასაბარებლად, არანაკლებ 25 წუთის განმავლობაში მოუწევს კონკრეტული მარშრუტით გადაადგილება“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 25 აპრილიდან მძღოლობის კანდიდატს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა თეორიული გამოცდა, უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე გავიდეს თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან, 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარების შემდეგ კი, მძღოლობის კანდიდატი დაჯავშნის მეორე ეტაპის გამოცდაზე გასასვლელ რიგს. მას უფლება ეძლევა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გავიდეს პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 1 წლის განმავლობაში. მეორე ეტაპზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატი მომდევნო გამოცდაზე დაიშვება არაუადრეს 30 დღის ინტერვალით.