საზოგადოება
19.04.2022 17:07
იმატა კატარაქტის შემთხვევებმა 60 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში, ბავშვებში კი, ძირითადად, გვხვდება სიელმე და ახლომხედველობა - თეიმურაზ კუპრიაშვილი

ბოლო პერიოდში იმატა კატარაქტის შემთხვევებმა 60 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში, ბავშვებში კი, ძირითადად, გვხვდება სიელმე და ახლომხედველობა, - ამის შესახებ GMnews-ს ,,გორმედის“ ოფთალმოლოგმა თეიმურაზ კუპრიაშვილმა განუცხადა.  

ოფთალმოლოგის თქმით, მოზარდებში ახლომხედველობის მთავარი მიზეზი ტელეფონების და კომპიუტერული ტექნიკის აქტიურად მოხმარებაა.

,,ბოლო პერიოდში, იმატა კატარაქტის შემთხვევებმა, თუმცა, ძირითადად, 60 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობაში. ჩვენი კლინიკა ,,ნიუ ჰოსპიტალსთან“ თანამშრომლობს და შესაბამისად, ოპერაციებიც ერთად კეთდება. მაგალითად, გუშინ, მორიგ საოპერაციო დღეს, სხვადასხვა ასაკის 20 პაციენტს წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია კატარაქტაზე, რომელსაც ,,ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმი ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი გრიგოლ ქამუშაძე უძღვებოდა.

ასევე, ასაკის მიუხედავად, ხშირად გვხვდება კატარაქტა ტიაბეტით დაავადებულ პირებში. რაც შეეხებათ მოზარდებს, ბავშვებში გახშირებულია სიელმე და ასევე, უკვე ძალზე ხშირია ახლომხედველობის შემთხვევები, რაც, ძირითადად, გამოწვეულია მობილური ტელეფონების ძალზე აქტიურ რეჟიმში გამოყენებით და ამავდროულად, კომპიუტერული ტექნიკით ინტენსიურად სარგებლობით.

რაც შეეხება კატარქტას, ოპერაცია ულტრაბგერითი ფაკოემულსიფიკაციის მეთოდით ტარდება, რისთვისაც გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები. ოპერაციის დროს ხდება ძველი, შემღვრეული ბროლის შეცვლა ახალი, ხელოვნური ბროლით. ბავშვებში კი, როგორც სიელმის, ასევე ახლომხედველობის მართვა და მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია“, - განაცხადა თეიმურაზ კუპრიაშვილმა.

კვირის ამბები