საზოგადოება
19.04.2022 16:56
დაწესდება თუ არა სააღდგომოდ შეზღუდვები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.

ამის მიუხედავად, გამყრელიძის თქმით, იმ ფაქტმა, რომ წინასააღდგომო პერიოდი გასულ წლებთან შედარებით მშვიდია, მოსახლეობა არ უნდა გაათამამოს და დიდი სუფრების გამართვისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.

„მოგეხსენებათ, აღდგომის დღესასწაული ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია ქრისტიანული სამყაროსთვის. საბედნიეროდ, წელს, აღდგომას უფრო მშვიდი ეპიდვითარებით ვხვდებით, უფრო ნაკლები რისკით, ვიდრე ეს იყო შარშანწინ, როდესაც ჩვენ ბევრი არ ვიცოდით ამ ვირუსის შესახებ, ასევე, გასულ წელს მაღალი მაჩვენებლები გვქონდა. წელს, წინასააღდგომო პერიოდი შედარებით მშვიდი გვაქვს, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს. ვირუსი ჯერ ქვეყანაში ცირკულირებს, დღიურად ფიქსირდება 200-300 შემთხვევა. გასაგებია, რომ „ომიკრონია“ და კლინიკურად უფრო მსუბუქია - მაგრამ მაინც. ამიტომ, შევეცადოთ უფრო მოკრძალებულები ვიყოთ. რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს, აღდგომა დიდი დღესასწაულია, პატივი უნდა მივაგოთ მიცვალებულებს, მაგრამ არა ფართო ნადიმებით და ქეიფებით“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
კვირის ამბები