საინტერესო ამბები
19.04.2022 16:39
სააღდგომო ტრადიციები საქართველოში

12 საუფლო დღესასწაულს შორის, აღდგომა ქრისტიანთა უმთავრესი დღესასწაულია. ამ დღეს, ქრისტე მკვდრეთით აღსდგა და ადამიანები ცოდვებისგან იხსნა. უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად აღნიშნავენ.

აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს, მორწმუნეები მოუთმენლად ელიან იერუსალიმის აღდგომის ტაძარში მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას. ამ სასწაულის სანახავად იერუსალიმში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი მომლოცველი ჩადის.

გადმოცემის თანახმად, წმინდა მარიამ მაგდალინელმა რომის იმპერატორ ტიბერიუსს აღდგომა ახარა და კვერცხი მიართვა, ტიბერიუსმა უპასუხა: მაგ კვერცხის გაწითლებას უფრო დავიჯერებ, ვიდრე მიცვალებულის აღდგომასო. ამ სიტყვებზე კვერცხმა ფერი შეიცალა და გაწითლდა, ამის შემდეგ კვერცხის შეღებვა ტრადიციად იქცა და ქრისტესმიერ დაღვრილი სისხლის განსახიერება გახდა.

აღდგომას საქართველოში განსაკუთრებულად აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა ტრადიციები აქვთ, წითელ პარასკევს ყველა ოჯახში წითლად იღებება კვერცხები და ცხვება პასკები. საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში, შუაღამიდან საზეიმო წირვა-ლოცვა იწყება, რომელიც დილამდე გრძელდება. ამ დღეს ქრისტიანები ერთმანეთს ულოცავენ სიტყვებით - „ქრისტე აღსდგა! - ჭეშმარიტად აღსდგა!“, აღდგომას ყველა ოჯახში იშლება საზეიმო სუფრა, მწვანე ჯეჯილი, წითლად შეღებილი კვერცხები, სააღდგომო პასკა და წითელი ღვინო ამ სუფრის განუყოფელი ნაწილია.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული სააღდგომო ტრადიციებია, მათი უმრავლესობა დავიწყებას მიეცა, თუმცა, ზოგიერთი მათგანი კიდევ შემორჩენილია: ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სააღდგომო ტრადიციაა „ჭონა“, ჭონა ალილოს წააგავს. ძველად, აღდგომის დღეს, რამდენიმე კაცი (მეჭონეები), სოფელს ჩამოუვლიდა სააღდგომო სიმღერით და ხალხს დღესასწაულს ულოცავდა, დიასახლისები კი, მათ კვერცხებით, ტკბილეულით, ხილით და ფულით ასაჩუქრებდნენ. დღის ბოლოს ახალგაზრდები შეგროვილ ხორაგს შემოუსხდებოდნენ და ილხენდნენ. ამჟამად კი, ჭონაზე, ძირითადად, ბავშვები დადიან.

კახეთში სააღდგომოდ ბატკანს კლავდნენ, სასაფლაოზე გადიოდნენ და კვერცხს აგორებდნენ, ოჯახში იკვლებოდა ღორი, იშლებოდა დიდი სუფრა, მეზობლები ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ და ქიფობდნენ.

რაჭაში სააღდგომოდ მიცვალებულთა საპატივსაცემოდ ცხვარს კლავდნენ. აღდგომის დილით ყველა ოჯახში პურის ფაფას აკეთებდნენ. აღდგომის მეორე დღეს კი, გიორგონთობას ზეიმობდნენ, აცხობდნენ ლობიანებს, შეკეცილებს, ბოჩხუანებს და ხარშავდნენ ხორცს.

სამეგრელოში აღდგომას ქვევრის თავზე ბატკანს ან გოჭს კლავდნენ, აცხობდნენ ყველიან და კვერცხიან კვერებს, ოჯახის უფროსი დილიდან მარხულობდა, შუადღისას ხონჩაზე დააწყობდნენ მამლის თავს, ღორის გულღვიძლს, კვერებს, ქვევრს თავს მოხდიდნენ და დაილოცებოდნენ.

გურიაში აღდგომას ტრადიციული ლელო იმართება. 16 კილოგრამიან ტყავის ბურთს ავსებენ ნახერხითა და სილით და აგუნას წვენს ასხამდნენ. აგუნა შავი ღვინის, ბროწეულის წვენი, თაფლის და კიდევ ერთი უცნობი ინგრედიენტის ნაზავია.

სვანეთში მოსახლეობა სოფლის მთავრ ეკლესიაში ესწრებოდა წირვას. სააღდგომო ზეიმი მთელი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და სრულდებოდა უფლიშით - კვირაცხოვლობის დღესასწაულით, რომელსაც სვანეთში დღესაც განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

ამასთან, ბოლო რამდენიმე წელია, გორში, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, სახალხო დღესასწაული „ოქონობა“ აღინიშნება. ამ დღეს, ტრადიციულად, ატენისა და გორის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), სამღვდელოებასთან ერთად, სადღესასწაულო წირვას ოქონის ტაძარში აღავლენს, შემდეგ კი, მრევლთან ერთად, ქალაქის ქუჩებს აკურთხებს.

კვირის ამბები