კონფლიქტები
19.04.2022 15:33
სოფელ ორთაშენის მცხოვრები ვლადიმერ კანიაშვილი, რომელიც ცხინვალში უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა, თავისუფალია
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ წინაგარის სიახლოვეს, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ვლადიმერ კანიაშვილი თავისუფალია, - აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კანიაშვილი კახაბერ ნათაძესთან ერთად 2021 წლის 9 დეკემბერეს დააკავეს, მოგვიანებით კი, ცხინვალის რეგიონის ე.წ. სასამართლომ კანიაშვილს 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ნათაძეს კი 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

„უკანონო პატიმრობაში მყოფი ვლადიმერ კანიაშვილის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი. უკანონო დაკავების და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს იყენებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად.

ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება“,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
კვირის ამბები