ქვეყნის მასშტაბით აშენდება 90 და რეაბილიტირდება 412 საბავშვო ბაღი, ასევე იგეგმება 800 სკოლის მოწესრიგება - ირაკლი ღარიბაშვილი
მთელი ქვეყნის მასშტაბით აშენდება 90 და რეაბილიტირდება 412 საბავშვო ბაღი. სახელმწიფო პროგრამის მიზანია უზრუნველყოს ბავშვებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა და განათლების მიღებისთვის საჭირო ყველა პირობა - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ასევე იგეგმება 800 სკოლის მოწესრიგება, მათ შორის, აშენდება 80 ახალი სკოლა.
„ბოლო 8-9 წლის განმავლობაში 175 სკოლა ავაშენეთ და 240-მდე სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ დღეს გვაქვს 800 სკოლა გასარემონტებელი, აქედან 80 ახალი სკოლის აშენება მოგვიწევს, 220 სკოლის სრული და დარჩენილის ნაწილობრივი რეაბილიტაცია, ჯამში 800 სკოლის მოწესრიგებას შეეხება აღნიშნული პროექტი. ბიუჯეტი იქნება დაახლოებით მილიარდი ლარი. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენ ასევე შევაფასეთ საბავშვო ბაღების მდგომარეობაც, რომელიც კრიტიკულია, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ბევრი საბავშვო ბაღი, განსაკუთრებით რეგიონებში. ამიტომ, მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით აშენდება 90 საბავშვო ბაღი და რეაბილიტირდება 412 ბაღი. ჩვენთვის მთავარი ამოცანა უნდა იყოს სწორედ ის, რომ ჩვენი მომავალი თაობა, ბავშვები იზრდებოდნენ, განათლებას იღებდნენ ძალიან ჯანსაღ გარემოში, ამიტომ, მათთვის აუცილებელია, რომ სკოლები, ბაღები იყოს იდეალურ მდგომარეობაში,“ - განაცხადა პრემიერმა.