დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენისთვის ძალზე მნიშვნელოვანია სკრინინგის პროგრამით სარგებლობა. ,,გორმედში“ გრძელდება უფასო სკრინინგის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია 4 სახის კვლევა: საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი; მამოგრაფია; კოლორექტალური სკრინინგი და წინამდებარე ჯირკვლის - პროსტატის სკრინინგი.
,,პანდემიის დაწყებამდე, გაცილებით მაღალი იყო მომართვიანობა, კორონავირუსის აქტიურად გავრცელების პერიოდში კი - უკიდურესად შემცირდა, რაც ძალზე ნეგატიურია და ხშირ შემთხვევაში, არსებული დაავადება უკვე დაგვიანებულ პერიოდში ვლინდება. მაგალითად, სწორედ ამ დღეებში გვქონდა ორი შემთხვევა, როცა პაციენტებმა მოგვმართეს გვიან, პასუხები იყო ცუდი და ამის დადგენა საკმაოდ გვიან მოხდა. ამიტომ, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, არ გადადოთ პროგრამით სარგებლობა და ჩაიტარეთ სკრინინგი“, - აცხადებს ,,გორმედის“ გინეკოლოგ-კოლპოსკოპისტი თეონა ხინჩიკაშვილი.
რაც შეეხზება სკრინინგის პროგრამას, ამ პროგრამით გათვალისწინებული კვლევებით სარგებლობა გარკვეული ასაკობრივი ბარიერებით განისაზღვრება.
,,პროგრამა მოიცავს ოთხი სახის კვლევას, ესენი გახლავთ: საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი - 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალბატონებისთვის (3 წელიწადში ერთხელ);
მამოგრაფია - სარძევე ჯირკვლის სკრინინგი 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალბატონებისთვის (2 წელიწადში ერთხელ);
კოლორექტალური სკრინინგი (ფარულ სისხლდენაზე ტესტი), მოიცავს 50-დან 70 წლამდე ასაკის ქალბატონებს და მამაკაცებს (ორ წელიწადში ერთხელ);
წინამდებარე ჯირკვლის - პროსტატის სკრინინგი, 50-დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცებისთვის (2 წელიწადში ერთხელ);
აქვე გეტყვით იმასაც, რომ სკრინინგის ფარგლებში, დიაგნოსტირებისთვის საჭირო სხვა კვლევებთან ერთად, თუ ექიმი ჩათვლის საჭიროდ, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სარძევე ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევა და ასევე, კოლპოსკოპიური კვლევაც, რაც კლინიკური გინეკოლოგიური კვლევის თანამედროვე მეთოდია და ტარდება სპეციალური ოპტიკური დანადგარის, კოლპოსკოპის საშუალებით, რაც უმნიშვნელო დეფექტების - ეროზიების, მცირე ზომის სიმსივნეების, მიკროსისხლჩაქცევების დიაგნოსტიკის საშუალებასაც იძლევა”, - აცხადებს თეონა ხინჩიკაშვილი.