საზოგადოება
18.04.2022 15:43
გორის მე-12 საჯარო სკოლაში დღეიდან 2 უკრაინელი მოსწავლე განაგრძობს სწავლას, ხვალიდან კი, გორის სკოლებს უკრაინიდან ჩამოსული კიდევ 4 მოზარდი შეემატება

გორის მე-12 საჯარო სკოლაში დღეიდან ორი უკრაინელი მოსწავლე განაგრძობს სწავლას. ანტონი და გიორგი სკოლაში გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა და ბავშვების მშობლებმა მიიყვანეს. სკოლის მოსწავლეები უკრაინელ თანატოლებს ტაშით და უკრაინის ჰიმნით შეეგებნენ.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში, გორის მე-5 და მე-6 საჯარო სკოლებში უკრაინიდან ჩამოსული კიდევ 4 მოსწავლე ჩაირიცხება.

,,კიდევ ორი უკრაინელი მოსწავლე შეგვემატა, ანტონი და გიორგი, ორივე მათგანი გორის მე-12 საჯარო სკოლაში გააგრძელებს სასწავლო პროცესს. აღნიშნულის გარდა, მოგეხსენებთ, 2 უკრაინელი მოსწავლე გვყავს მე-3 სკოლაში და ხვალ და ზეგ, მე-5 და მე-6 საჯარო სკოლებში შეგვემატება უკრაინიდან ჩამოსული კიდევ ოთხი მოსწავლე. მთლიანობაში, ამ ეტაპზე, გორის სკოლებში უკრაინელი 8 ბავშვი მიიღებს განათლებას. ეს მოზარდები არიან სხვადასხვა ქალაქიდან - ხარკოვიდან, ხერსონიდან, მარიუპოლიდან...

რაც შეეხება სასწავლო პროგრამას და ენობრივ ბარიერს, თითოეულ მათგანთან დგება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და სწორედ ამ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს სწავლება“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

კვირის ამბები