გორის მუნიციპალიტეტის მერი 31 წლის გახდა. სპორტის განვითარების სააგენტო სოციალურ ქსელში დაბადების დღეს ულოცავს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს.
„ჩვენთვის საამაყოა, რომ ვიდრე მშობლიური ქალაქის ხელმძღვანელი გახდებოდა, ჩვენს სპორტულ დაწესებულებებში, დიდებული მწვრთნელების მეურვეობით, მან გაიარა გზა მსოფლიოს უმაღლეს სპორტულ მწვერვალებამდე და იქცა არა მხოლოდ ტიტულოვან სპორტსმენად, არამედ გახდა ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი. წლების მანძილზე, სწორედ მისი ტრიუმფალური ასპარეზობების კვალდაკვალ, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აღმართულა ჩვენი ქვეყნის ეროვნული დროშა და იქვე აჟღერებული საქართველოს ეროვნული ჰიმნის საპატივსაცემოდ, ათობით ათასი მაყურებელი წამომდგარა ფეხზე. იმ სფეროში, სადაც იღწვოდა, მან შეძლო, შეესრულებინა ყველა დასახული მიზანი და მოეპოვებინა მსოფლიოს სპორტში ყველა უმაღლესი ტიტული (ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონობა). დღეს, ბატონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერის პოზიციიდან, ცდილობს, თავისი პოტენციალი მოახმაროს მშობლიური ქალაქის განვითარებას. ვულოცავთ მას იუბილეს, ვუსურვებთ წარმატებებს ცხოვრებაში და ჩვეულად, ნაყოფიერ გარჯას დასახული მიზნების რეალიზაციისას - ამჯერად უკვე, თავისი მშობლიური ქალაქის საკეთილდღეოდ“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ მილოცვის ტექსტში.