სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, იანვრიდან 200-დან 800 ლარამდე ყოველთვიური დანამატი დაუწესდებათ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვა ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო დაჭრილი და დაშავებული სამხედროების შესახებ, მათზე ზრუნვა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ეს ადამიანები, ყველაზე ძვირფასს - თავის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს წირავენ ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის, ამიტომაც მათზე ზრუნვა არის სახელმწიფოს მთავარი ამოცანა და ვალდებულება. სწორედ აღნიშნული მიზნით შევიმუშავეთ ახალი, განახლებული, ჯარისკაცის კეთილდღეობაზე ორიენტირებული სოციალური პაკეტი. იანვრიდან, დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს (ტრავმების და ზოგადად ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით), ხელფასზე 200-დან 800 ლარამდე ყოველთვიური დანამატი დაუწესდებათ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა უწყების ასი დღის ანგარიშის წარდგენისას.