საზოგადოება
16.04.2022 09:09
პირველი საჯარო სკოლის შენობა არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, კედლები იშლებოდა და საფრთხეს ქმნიდა, დაელოდეთ საბოლოო სახეს - ნანა ტერმაკოზაშვილი

პირველი საჯარო სკოლის შენობა არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მიუხედავად წითელი აგურის კედლების სილამაზისა, სპეციალისტების განმარტებით, არაფერი ფასეული არ ფუჭდება. კედლები იშლებოდა და როდის ვის სიცოცხლეს შეექმნებოდა საფრთხე, პასუხისმგებელი ვერავინ გახდებოდა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი წერს.

ნანა ტერმაკოზაშვილი სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართ კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებას ეხმაურება და აცხადებს, რომ შენობის მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გადაწყვეტილება საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ მიიღო.

,,ორი დღეა აღშფოთებულ პოსტებს და კომენტარებს ვკითხულობ გორის პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო. ჩემს მეგობრებს გაინტერესებთ ალბათ და დავწერ.

პირველი საჯარო სკოლის შენობა არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მიუხედავად წითელი აგურის კედლების სილამაზისა, სპეციალისტების განმარტებით, არაფერი ფასეული არ ფუჭდება. კედლები იშლებოდა და როდის ვის სიცოცხლეს შეექმნებოდა საფრთხე, პასუხისმგებელი ვერავინ გახდებოდა. აგურითვე რეაბილიტაცია გამორიცხეს ისევ სპეციალისტებმა, ამ საკითხში ჩემი კომპეტენციის დონე კი მაიძულებს დავუჯერო ჩემზე კომპეტენტურებს.

სამუშაოების დამკვეთი არ არის არც სკოლა და მით უფრო - არც რესურსცენტრი. შესაბამისად, ვისაც ფინანსური მხარე გაინტერესებთ, მიმართეთ დამკვეთს - სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს.

დღეს კიდევ ერთხელ ნახეს ადგილზე სპეციალისტებმა შენობა და სამუშაოების გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს. რაც ფოტოებზე ნახეთ, ბუნებრივია, არ მოგეწონებოდათ, ამიტომ დაელოდეთ საბოლოო სახეს. ფოტოებზე ჩანს შენობის უკანა მხარე, უკვე შეღებილი, და ჩანს ის კედლებიც, რომლებიც გაილესება და შეიღებება.

პ.ს. უამრავ შეურაცხმყოფელ ეპითეტსა და დაუმსახურებელ ლანძღვაზე ვცდილობ იმუნიტეტის გამომუშავებას. მხოლოდ არგუმენტირებულ კამათში შეიძლება შევყვე ადამიანს. სასაცილოდ მეჩვენება, ვინმეს ვუმტკიცო, პასუხისმგებლობის გრძნობა რომ მაქვს, ან სამშობლო რომ მიყვარს, ან ,,ვეფხისტყაოსნის" წაკითხვის (მათ შორის -ხმამაღლაც) უფლება რომ მაქვს“, - წერს ნანა ტერმაკოზაშვილი სოციალურ ქსელში.

კვირის ამბები