საზოგადოება
15.04.2022 20:00
გარწმუნებთ, ვინც კანონს დაარღვევს, ყველა შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება - გორის მერი

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარი ბუღალტრის დაკავების და მისთვის პატიმრობის შეფარდების ფაქტს გორის მუნიციპალიტეტის მერი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

,,გარწმუნებთ, ვინც კანონს დაარღვევს, ყველა შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება“, - წერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

ხინჩეგაშვილი დარწმუნებულია, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ყველა არსებულ კითხვას კომპეტენტური პასუხი გაეცემა.

,,როგორც იცით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარი ბუღალტერი დააკავეს. საზოგადოებაში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მაღალი ინტერესი არსებობს, აქედან გამომდინარე, მსურს, მოსახლეობისთვის გავაკეთო მოკლე კომენტარი. როგორც იცით საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ყველა არსებულ კითხვას გაეცემა კომპეტენტური პასუხი. გარწმუნებთ, ვინც კანონს დაარღვევს, ყველა შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება“, - წერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

შეგახსენებთ, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და სააგენტოს მთავარ ბუღალტერს, ლეილა წკრიალაშვილს პატიმრობა შეუფარდა.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებული სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატიურად, სხვადასხვა დანიშნულებით რიცხავდა სს „თიბისი ბანკში“ და სს „ლიბერთი ბანკში“ გახსნილ მის პირად საბანკო ანგარიშზე, ხოლო შემდგომ იყენებდა ინტერნეტტოტალიზატორებში. სუს-ის ინფორმაციით, მითვისებული თანხის ოდენობამ 143 985,13 ლარი შეადგინა, თუმცა, უწყებაში აცხადებენ, რომ საბუღალტრო და საბანკო დოკუმენტაციის შესწავლის დასრულების შემდეგ მოსალოდნელია, რომ მითვისებული თანხის ოდენობა მკვეთრად გაიზარდოს.

კვირის ამბები