ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარ ბუღალტერს, რომელიც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით გუშინ დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მხარის შუამდგომლობა პატიმრობის მოთხოვნა იყო, რაც სასამართლომ სრულად გაიზიარა.
ბრალდებულ ლეილა წკრიალაშვილის განცხადებით, მისთვის იმდენად მძიმეა ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან შეხვედრა, რომ პატიმრობის შეფარდებას არ ეწინააღმდეგება.
,,ბატონო მოსამართლევ, სადაც მიმისჯით ყოფნას, იქ მირჩევნია, მე არ შემიძლია, გარეთ ჩემს შვილებს და ხალხს ვუყურო თვალებში. მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ ბატონო პროკურორო, ძველი წლები ამოიღეთ, იმიტომ კი არა, რომ რამე შეღავათს ვითხოვ, უბრალოდ, არ მინდა, რომ ასე დასრულდეს ეს ყველაფერი, ამოწიეთ ძველი წლები“, - განაცხადა ბრალდებულმა.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი, მითითებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატიურად, სხვადასხვა დანიშნულებით რიცხავდა სს „თიბისი ბანკში“ და სს „ლიბერთი ბანკში“ გახსნილ მის პირად საბანკო ანგარიშზე, ხოლო შემდგომ იყენებდა ინტერნეტტოტალიზატორებში. ზემოაღნიშნული ხერხით მის მიერ მითვისებული თანხის ოდენობამ შეადგინა 143 985,13 ლარი, თუმცა, უწყებაში აცხადებენ, რომ საბუღალტრო და საბანკო დოკუმენტაციის შესწავლა ინტენსიურად გრძელდება, რომლის დასრულების შემდეგაც მოსალოდნელია, მკვეთრად გაიზარდოს მითვისებული თანხის ოდენობა.