ქართული სპორტის ცნობილი მოღვაწე, არაერთი ფალავნის აღმზრდელი, დამსახურებული მწვრთნელი გურამ პაპიტაშვილი იუბილარია.
ღირსების ორდენის კავალერი, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი გურამ პაპიტაშვილი 1934 წლის 15 აპრილს დაიბადა სოფელ კირბალში. „ძიუდოს პაპად” წოდებული პაპიტაშვილის სახელს არაერთი წარმატებული ძიუდოისტის, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების კარიერა უკავშირდება, მათ შორის გახლავთ შოთა ჩოჩიშვილი, თემურ ხუბულური, ანზორ ქიბროწაშვილი, როინ მაღალთაძე, გიორგი თენაძე.
გორელმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ვასილ ბალახაძემ, ორი წლის წინ, გურამ პაპიტაშვილის მოღვაწეობასთან დაკავშირებით წიგნი გამოსცა სახელწოდებით - ,,ქართული ძიუდოს პაპა“.
„საზოგადოდ, ყველამ ვიცით, თუ ვინაა გურამ პაპიტაშვილი და რა გაუკეთებია მას მშობლიური ქალაქის თუ ჩვენი ქვეყნისთვის. უბრალოდ, მინდა დავამატო, რომ 1998 წელს, როდესაც სპორტულ ჟურნალიტიკაში ფეხი შემოვდგი, პირველი ინტერვიუ სწორედ ამ ლეგენდარულ კაცთან მქონდა. მას შემდეგ მასთან ჩინებული საქმიანი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა და იმდენი საწერი მასალა დამიგროვდა, რომ სულ მინდოდა წიგნად მექცია და მკითხველისთვის წარმედგინა. ჩანაფიქრი ორი წლის წინ დაგვირგვინდა.
რამდენიმე წლის წინათ, გორის ახალგახსნილ ძიუდოს დარბაზში გურამ პაპიტაშვილთან მორიგი ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ, რესპონდენტს დავემშვიდობე და კიბეებზე დავეშვი. დარბაზის გასასვლელში სასპორტო სკოლის ერთ-ერთმა თანაშრომელმა თითით ზემოთ მიმითითა და მკითხა: „პაპა აქ არის?“, მივხვდი, ბატონ გურამზე რომ მეკითხებოდა და დასტურად თავი დავუქნიე. გურამ პაპიტაშვილს მხოლოდ გორში კი არა, საქართველოში უკვე მრავალი წელია, რაც „ძიუდოს პაპას“ უწოდებენ. უკვე 86 წლის ღვაწლმოსილი ეს ადამიანი, საქართველოში ძიუდოს ერთ-ერთი ფუძემდებელია“, - აღნიშნა ვასილ ბალახაძემ.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ გურამ პაპიტაშვილს, მსოფლიო ძიუდოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდოც გადაეცა.