დე ფაქტო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ცხინვალში, სადაც საქართველოს დროით 11 საათიდან ვაჟა გაფრინდაშვილის ეგრეთწოდებული სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მოსამართლე ფატიმა ფარასტაევა გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია GMnews-ს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა მიაწოდა.
„ჩვენ ინტენსიური კავშირი გვაქვს იმ ვლადიკავკაზელ ადვოკატებთან, რომლებიც ვაჟა გაფრინდაშვილის ინტერესებს იცავენ. რამდენიმე წუთის წინ გვაცნობეს, რომ მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. როდესაც საქმე ეხება დე ფაქტო რეჟიმს, ბუნებრივია, რთულია პროგნოზების გაკეთება, თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ გაფრინდაშვილს გაათავისუფლებენ. ამის შანსი პროცედურულად არსებობს. წინა სხდომაზე პროცედურულად ამის შანსი არ ყოფილა. ვნახოთ, როგორი იქნება გადაწყვეტილება - განაცხადა GMnews-თან დავით ასათიანმა.
საოკუპაციო ხაზთან, ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან დღეს 42-ე დღეა.