213 დასახელების იაფი მედიკამენტის შეძენა უკვე 7 დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი
თურქეთიდან იმპორტირებული წამლების შეძენა უკვე 7 დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. იაფი მედიკამენტები „ფარმადეპო“-ს, „ავერსი“-ს, „PSP“-ს, „იმპექსი“-ს, „GPC”-ს, „ფარმსახლი“-ს და „დოიჩე აფთიაქი“-ს ქსელშია ხელმისაწვდომი.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატებისა და მიმწოდებელი ფარმაცევტული დაწესებულებების სია მუდმივ რეჟიმში იზრდება.
„თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის ტემპის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო სამკურნალო საშუალებებს პროაქტიულად არეგისტრირებს. აღნიშნული წესით, სააგენტომ უკვე 213 პრეპარატი დაარეგისტრირა, რომელთა ქვეყანაში შემოტანა, ფარმაცევტულ კომპანიებს კიდევ უფრო გამარტივებული წესით შეუძლიათ. ცვლილება ქვეყანაში მედიკამენტების იმპორტს კიდევ უფრო გაამარტივებს და საქართველოს ბაზარზე, ფარმაცევტული პროდუქტის ფართო ასორტიმენტის არსებობას უზრუნველყოფს“, - აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, მედიკამენტების ფასი, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა.