საზოგადოება
15.04.2022 11:30
ებრაელი ხალხი პასექის დღესასწაულს აღნიშნავს

ფესახი, იგივე ფასექი, უდიდესი ებრაული დღესასწაულია და იგი ეძღვნება უფლის მიერ ებრაელთა გამოხსნას ეგვიპტელთა მონობიდან.

გორში, 1970-80-იან წლებში, 800 ებრაული ოჯახი ცხოვრობდა, ამჟამად კი ქალაქში 35 ებრაული ოჯახიღა ცხოვრობს.

გორელმა ებრაელებმა საქართველოდან მასობრივად გასვლა გასული საუკუნის 70-80- იან წლებში დაიწყეს. ის პირები, ვინც ისრაელში გადავიდნენ, საქართველოსთან და შესაბამისად, გორთან კავშირს დღემდე ინარჩუნებენ.

გორთან დაძმობილებულია ისრაელის ცენტრალურ რაიონში, თელ-ავივიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი ლოდი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ებრაელ ხალხს პასექის დღესასაწულს ულოცავს. პრემიერმა მილოცვის ტექსტი სოციალურ ქსელში გაავრცელა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, ვისთვისაც თავისუფლება უზენაესი ღირებულებაა, მათთვის უფლის მიერ ებრაელთა მონობიდან გამოხსნის, ფიზიკური და სულიერი გათავისუფლების ბიბლიური დღესასწაული სიმბოლური და მნიშვნელოვანია.

„საქართველოს ებრაულ თემს, ისტორიულ სამშობლოში, ისრაელში დაბრუნებულ ჩვენს თანამოძმეებს, მთელ ებრაელ ხალხს გულითადად გილოცავთ პასექის უდიდეს დღესასწაულს.

უფლის მიერ ებრაელთა მონობიდან გამოხსნის, ფიზიკური და სულიერი გათავისუფლების ეს ბიბლიური დღესასწაული სიმბოლური და მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვისთვისაც თავისუფლება უზენაესი ღირებულებაა.

ყველა ჩვენგანისთვის ძალზე ძვირფასია ქართველთა და ებრაელთა მეგობრობა, რომელიც ათასწლეულებით იზომება. ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად, ვუერთდები თქვენს საზეიმო განწყობას. მშვიდობას, ბედნიერებას და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

პასექი უდიდესი ებრაული დღესასწაულია. დღესასწაულის თარიღი თანამედროვე საერთაშორისო კალენდრით მოძრავია და მარტში ან აპრილში აღინიშნება. იგი ეძღვნება უფლის მიერ ებრაელთა გამოხსნას ეგვიპტელთა მონობიდან და ანტიკური ეგვიპტიდან ებრაელთა გამოსვლას. საუფლო დღესასწაულზე ებრაელები ჩვეულებრივი პურის ნაცვლად მიირთმევენ უფუარ კვერს.

კვირის ამბები